„ზრუნვა ჩვენს მოსახლეობაზე არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, 121 ეკომიგრანტი ოჯახისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ეკონომიკის ზრდა, ინფრასტრუქტურული პროექტები და მუნიციპალიტეტების განვითარება მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება.

 „ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული, სწორი პოლიტიკის შედეგია ჩვენი ეკონომიკის ზრდა, ინფრასტრუქტურული პროექტები, ინვესტორებთან მუშაობა და ექვსივე მუნიციპალიტეტის წარმატება. ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი. ჩვენ ნათელი პასუხი დღევანდელი დღეა - ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ხალხის კეთილდღეობას ემსახურება. დღევანდელი დღე არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი სოციალური პროექტით. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სოციალური სახლების მშენებლობა მიმდინარეობს. მინდა აღვნიშნო ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი სალიბაური, სადაც ბენეფიციარები საცხოვრებელ ფართებს ძალიან მალე მიიღებენ. ასევე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო „ოცნების ქალაქი“ - მშენებლობა უკვე მეორე ფაზაშია და სულ მალე 1077 ოჯახი მიიღებს ბინებს. ჩვენი პრიორიტეტი მხოლოდ საცხოვრებელი ფართების მშენებლობა არ არის. მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემო, კომფორტული პირობები, რეკრეაციული ზონები, სკოლა და საბავშვო ბაღი“- აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

 ზურაბ პატარაძემ მოსახლეობასთან მუდმივი დიალოგისა და სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს მთავრობასა და ხალხს შორის ნდობის საფუძველია.

 „ექვსივე მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. ჩვენ შევძელით სტერეოტიპის დამსხვრევა - აჭარა ოთხივე სეზონზე არის ჩართული სხვადასხვა პროექტებში. ეს ნიშნავს მეტ დასაქმებულ ადამიანს, მეტ წარმატებულ პროექტს, გაღიმებულ ბავშვს. ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი დაპირებაა მოსახლეობაზე ზრუნვაა და ვაგრძელებთ მათთვის ღირსეული პირობების შექმნას“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

 მთავრობის თავმჯდომარემ პროექტის განხორციელებაში ჩართულ პირებს მადლობა გადაუხადა და ოჯახებს ახალი საცხოვრებელი ფართების მიღება მიულოცა.