ეუთო-ს ასეთი მაღალი თანამდებობის პირის ვიზიტი საქართველოში და მისი გზავნილები მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ერთი მხრივ, ფერიდუნ სინირლიოღლუმ და მისმა ორგანიზაციამ, არჩევნების ერთ-ერთმა ყველაზე მთავარმა შემფასებელმა მსოფლიოში, აღიარა, რომ ჩატარდა კონკურენტუნარიანი არჩევნები. ეს მოხდა 2024 წლის არჩევნებზე. მეორე მხრივ, ჩვენ გვახსოვს იანვარში ეუთო/ოდირის ერთ-ერთი თანამდებობის პირის დამუნათების შედეგად გადადებული ეს ვიზიტი, თუმცა ახლა განხორციელდა მაღალი დონის ვიზიტი. ეს ჩვენ მაშინვე ვიცოდით. მოგეხსენებათ, ჩვენ ბრძოლა გვაქვს არა მხოლოდ საქართველოში არსებულ „დიფ სთეითის“ ქსელთან და გლობალური ომის პარტიის ფილიალებთან, არამედ, სამწუხაროდ, მსოფლიოში არსებობენ. პირდაპირ ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, მებრძვის ევროკავშირი და უსამართლოდ ექცევა ამერიკასო. გასაკვირი ნამდვილად არ იქნება, რომ ჩვენ გვქონდეს ბრძოლა „დიფ სთეითთან“ და გლობალურ ომის პარტიასთან, რაც დადასტურდა მათ შორის იმითაც, რომ ასეთ მძლავრ საერთაშორისო ორგანიზაციას და მის ხელმძღვანელსაც კი ასეთი დამუნათება მოუნდომეს იანვარში, თუმცა, საბოლოოდ, მაინც პოზიტიური შედეგი დადგა და ეს ვიზიტი შედგა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა შეფასებას მისცემს ლევან სანიკიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ უმჯობესი იქნებოდა, ეუთო-ს გენმდივნის ვიზიტი არ შემდგარიყო, რომ დამატებითი პროპაგანდისტული საკვები დასავლეთის მხრიდან არ უნდა მიეწოდოს „ქართულ ოცნებას“ და რას ნიშნავს ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, რომ ეუთო-დან ყველგან ჩადიან და ყველას ელაპარაკებიან, გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ ჯაფარიძის, თუ სანიკიძის განცხადებები არავის და მით უმეტეს, ეუთო/ოდირს არ აინტერესებს.
„რა თქმა უნდა, ჯაფარიძის, თუ სანიკიძის განცხადებები არავის და მით უმეტეს, ეუთო/ოდირს არ აინტერესებს, მაგრამ მათ განცხადებებშივე ჩანს, 2024-ის არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ პერიოდშიც, რომ უნდათ, ჩვეულებრივი, უმნიშვნელო პოლიტიკოსი რომ იყოს ევროკავშირში, აბსოლუტურად არავინ რომ არ იცნობს, ის გახდება ლეგიტიმაციის მიმნიჭებელი საქართველოში ხელისუფლების და ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების, როგორიც არის იგივე ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, რომელიც ჩამობრძანდა არჩევნების შემდგომ, იგივე ეუთო/ოდირის გენერალური მდივანი, მისი დასკვნა და ა.შ. მათთვის მიუღებელია. რა თქმა უნდა, ეს უკვე გაქარწყლებული ნარატივია „ნაცმოძრაობის“ და ამას ყურადღებას არავინ აქცევს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.