ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან იტალიის დედაქალაქ რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. პირველი პირდაპირი რეისი დღეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდა. ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირი ფრენები რომის აეროპორტ ფიუმიჩინოს მიმართულებით კვირაში ორჯერ ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.

პირველ საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, იტალიის ელჩი
საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი, საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე და ავიაკომპანიის ხელმძღვანელობა დაესწრო.


ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა, რომ იტალია საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა და
მნიშვნელოვან მიზნობრივ ბაზარს წარმოადგენს.


,,უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი დედაქალაქები დღეიდან, პირდაპირი საჰაერო გზით იქნებიან ერთმანეთთან დაკავშირებული. რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარვეისს" და წარმატებული ფრენები ვუსურვო.


საქართველოდან რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები, აქამდე, მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით სრულდებოდა.


დღეიდან კი უკვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ,,ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ კვირაში ორი სიხშირით რომის მთავარ აეროპორტ ფიუმიჩინოს მიმართულებით შესრულებული პირდაპირი ფრენები დაემატება. ჯამურად კი
ქართული ავიაკომპანია იტალიის სამი ქალაქის მიმართულებით კვირაში 6 სიხშირით იფრენს,-“განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ და სტუმრებმა ადგილზე მყოფ ეკიპაჟის წევრებს პილოტის მსოფლიო დღე მიულოცეს, რომელიც ყოველწლიურად 26 აპრილს აღინიშნება.


“ჯორჯიან ეარვეისი” უკვე ასრულებს პირდაპირ რეისებს იტალიის ქალაქების მილანსა და ფორლის მიმართულებით. მილანის მიმართულებით რეგულარული ფრენები კვირაში სამჯერ სრულდება, ხოლო 24 აპრილიდან რეისები ფორლის მიმართულებით კვირაში 1 სიხშირით დაიწყო. ჯამურად კი იტალიის მიმართულებით ავიაკომპანია კვირაში 6 სიხშირით ასრულებს ფრენებს.