- თუ გახარიას და “ლელოს” ამდენი საერთო ჰქონდათ პოლიტიკური ბრძოლის ხერხებზე, რატომ არ გაერთიანდნენ საპარლამენტო არჩევნების წინ?
- თუ 5 და 4 ნომერი ასეთი ერთიანია პოლიტიკური ბრძოლის ფორმაში, რატომ გაიყვნენ საპარლამენტო არჩევნების წინ? - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს. 

ხომ ცხადი იყო, რომ მასშტაბური  გაყალბება იქნებოდა, ევროინტეგრაციას გააჩერებდნენ, სამოქალაქო სექტორს დახურავდნენ და პოლიტიკოსებს ციხეში გაუშვებდნენ? რატომ არ მოუსმინეს ამომრჩევლის დაკვეთას? რატომ
არ დადგნენ საკუთარ ეგოზე მაღლა? 
ახლაც, ახალგაზრდების, ქალების, შშმ პირების სისტემური წამების, ციხეში გამომწყვდევის, სამსახურებიდან გამოყრის, ფინანსური რეპრესიების შემდეგაც რომ ვერ ერთიანდება ოპოზიცია ერთიან სტრატეგიაზე, ამას რა ჰქვია? ვინ ხართ თქვენ? 


ახლა, რაც შეეხება “პრაგმატულობას”. თვითმმართველობის არჩევნებზე არ იქნება არც საერთაშორისო, არც ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები. თვითმმართველობის არჩევნებზე გამსვლელი პარტიების მიერ დადოკუმენტირებულ დარღვევებზე და სასამართლოებში წაღებულ დავებზე მე არაფერი მსმენია. არც მათი პარტიების წევრების ნაბრძოლ და დაცულ ხმებზე მსმენია რამე საარჩევნო უბნებზე. არჩევნებზე გასვლა მარტო სიის შედგენა და ფბ რეკლამა არ არის.


კი, არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა, კი, პოლიტიკოსები უკანონოდ სხედაც ციხეში, მაგრამ, 
ასე მოუმზადებლად - გახლეჩილი და ერთმანეთს გადაკიდებული ოპოზიციით, ამომრჩევლის მობილიზაციის, კომისიის წევრებ და დამკვირვებელ მოუმზადებელი არჩევნებზე გასვლა პრაგმატულობა კი არ არის, უპასუხისმგებლობაა, რეპრესირებულ მოქალაქეებზე ემოციური ძალადობაა, საკუთარი ქვეყნის და აქამდე არსებული საპროტესტო სტრატეგიის საბოტაჟია, ლანგარზე მირთმეული საჩუქარია “ოცნებისთვის”. 

ამიტომ, სანამ დროა, დასხედით დახურულ კარს მიღმა ყველანი ერთად და არა ტელევიზორებში, არ გამოხვიდეთ, სანამ არ შეთანხმდებით ერთიან სტრატეგიაზე და მერე გამოაცხადეთ ერთიანი გადაწყვეტილება. თქვენი გახლეჩვის და არჩევნებზე ცალ-ცალკე გასვლის შედეგებს ვიმკით აქ ყველა.

ხალხის დაკვეთაა ეს და ემსახურეთ ხალხს." - წერს ნინო ლომჯარია "ფეისბუკში".

ცნობისთვის,  საბა ბუაძემ "ფეისბუკში" დაწერა" - მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო "ლელოს" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია, ასევე ვტოვებ "ლელოს" პოლიტსაბჭოს

მანამდე განცხადება გაკეთდა - "ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება საგანგებო ბრიფინგზე, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ გააკეთა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: 

"ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე."

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის 4 ოქტომბერს - ოქტომბრის პირველ შაბათს. - ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს