დღეს შევხვდი პოლიტიკურ პარტიებს და ყველამ აიტაცა იდეა, ყველას უნდა, რომ ჩავატაროთ სექტემბერში არჩევნები, როგორც თვითმმართველობის, ისე საპარლამენტო, - ამის შესახებ მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

პაატა ბურჭულაძის თქმით,  შეხვედრა უკვე გამართა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერთან, გიორგი გახარიასთან, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან, თინა ბოკუჩავასთან და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებთან, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიასთან.

მისივე თქმით,  საპარლამენტო არჩევნები, რომელიც სექტემბერში იქნება, ელექტრონული წესით ტელეფონებით ჩატარდება და არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დროს შექმნილ უზენაეს საბჭოს 

„გახარიასაც შევხვდი, პირადად ბატონ გიორგის, მამუკა ხაზარაძესაც, 4 ნომერსაც, 5 ნომერსაც, ყველას შევხვდი. გახარიამ ერთი რამ თქვა, რომ შეიძლება მე მონაწილეობა ვერ მივიღო გარკვეული მიზეზების გამო ამაში, მაგრამ თუ დაინიშნა არჩევნები სექტემბერში, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობასო. ეს აზრი გუშინ წინ საღამოს წარმოიშვა, გუშინვე დავდე ჩემს „ფეისბუკზე“ და უკვე 800 გაზიარება აქვს, ძალიან ბევრი მოწონება აქვს და ხალხმა აიტაცა ეს აზრი. ჩვენ მთავრობას რომ ვთხოვთ, დაგვინიშნე ახალი არჩევნები, როგორ უნდა დაგვინიშნოს? - ის არ არის ლეგიტიმური. აბსოლუტურად არ აქვს ლეგიტიმაცია, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. უფლებაც არ აქვს, რომ დანიშნოს არჩევნები, დამიჯერეთ. ვკითხეთ, ვინც ერკვევა კონსტიტუციაში და მათ უფრო ნაკლები ლეგიტიმაცია აქვთ, ვიდრე ჩვენ ხალხს. დღეს მათ კანონი არ ეკუთვნით, ეს ყველაფერი არის არალეგიტიმური.

კონსტიტუციით საქართველოში ხალხს ეკუთვნის ძალაუფლება. საზღვარგარეთი როგორც ცნობს, ჩვენ ახლა გვყავს ლეგიტიმური პრეზიდენტი, როგორც ამერიკელები და ევროპელები ამბობენ და ეს არის სალომე ზურაბიშვილი. ამ დროს ჯერ კიდევ გაუქმებული არ არის პირველი უზენაესი საბჭო, რომელიც ზვიადის დროს იყო და ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობას, მათაც აქვთ უფლება დანიშნონ საპარლამენტო არჩევნები.

არჩევნები ჩატარდება ელექტრონულად, ტელეფონებით ჩავატარებთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ეს პროგრამები უკვე მალე იქნება მზად. შევეცდები აგიხსნათ, გაქვს ტელეფონი, ამ ტელეფონით ფიქსირდებით ამომრჩეველთა სიაში. როცა მოვა არჩევნები, არჩევნების დროს ჩაირთვება ფანჯარა, სადაც შეგყავს შენი პერსონალური მონაცემები და აჭერ რომელ პარტიას გინდა მისცე ხმა. სახლიდან გაუსვლელად შეიძლება ჩატარდეს ეს არჩევნები. რაც მთავარია, ასობით ათასი ჩვენი ემიგრანტი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ტელეფონით გაყალბების შანსი აბსოლუტურად არ არის. იქნება სპეციალური საიტი, რომელიც შემოწმდება საზღვარგარეთიდან, მივიღებთ დასტურს, რომ იქნება 100%-იანი გარანტია. რაც მთავარია ტელეფონი არ გაჟონავს“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ გადაცემაში "360 გრადუსი".