“მთავრობის მიერ მომზადებული ინფრასტრუქტურული პროექტების მარეგულირებელი ნორმების ცვლილებათა პაკეტი, სექტორში პასუხისმგებლიანი და მდგრადი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად”,- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბიზნესის წარმომადგებლებთან აქტიურ კომუნიკაციას და არსებულ გამოწვევებზე ჯანსაღ რეაგირებას განაგრძობს.
რევაზ სოხაძემ ასევე განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში სახელმწიფო ახალ საბაზრო ფასებს გამოაქვეყნებს, რომლითაც ინფრასტრუქტურული პროექტების შესყიდვები გაგრძელდება.
“ჩვენ ყველანი მზად ვართ ჯანსაღი გადაწყვეტილებისთვის. იმისთვის, რაც მომგებიანს და ლიკვიდურს გახდის ამ დარგს. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა არსებული პრობლემების გადასაჭრელად და იმ ე.წ მანკიერი წრის დასაძლევად, რაც, საბოლოოდ სახელმწიფოს ინტერესს აზიანებდა”.-აღნიშნა მინისტრმა.
კონტრაქტორებთან დაკავშირებით რევაზ სოხაძემ განმარტა, რომ ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში მათთან თანამშრომლობა და კონტრაქტი მყისიერად შეწყდება, თუმცა, კეთილსინდისიერ კონტრაქტორებს მთავრობა მაქსიმალურად ხელს შეუწყობს, მათ შორის მიმდინარეობს მუშაობა ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივების მიმართულებით.
მინისტრმა უწყების მიერ განსახორციელებელ მასშტაბურ პროექტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, მათ შორის ასობით სკოლის მშენებლობა, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება და ინფრასტრუქტურის კომპლექსური მოწესრიგება.
„ეს არ არის დასასრული — ჩვენ დავიწყეთ ცვლილებები და განვაგრძობთ გამოკვეთილ საჭიროებებზე ადეკვატურ რეაგირებას”, -განაცხადა რევაზ სოხაძემ.
სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესწრებოდა, ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა.