"კახეთში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების პროექტები სტრატეგოული მნიშვნელობის არის, რადგან ჩვენ გვაქვს საქართველოს ყველა დიდი ქალაქისა და სოფლების უმეტესობის 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფის ვალდებულება. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს სკოლებისა და ბაღების მშენებლობა, სადაც არის გარკვეული შეფერხებები რამდენიმე კომპანიის მხრიდან. იმისათვის, რომ
ობიექტები ჩაბარდეს განსაზღვრულ დროში იქნება მიღებული შესაბამისი ზომები და ადეკვატური გადაწყვეტილებები,“- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ კახეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერებისას.
კახეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს გზების, სკოლების, საბავშვო ბაღებისა და წყალარინება-წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია და ურბანული სივრცეების განახლება. მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სამინისტროს თანამშრომლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები
ადგილზე გაეცნენ.
ამჟამად, გურჯაანისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში, საერთო ჯამში, 250 ბავშვზე გათვლილი 4 საბავშვო ბაღი შენდება. პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
თელავის ისტორიულ უბანში, გრძელდება დრამატული თეატრის მიმდებარე სკვერის განახლება და ღია საზოგადოებრივი მოედნის მოწყობა. ასევე, დასკვნით ეტაპზეა ქალაქის რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციისა და მიმდებარე შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მინისტრის განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ მიზნით, თელავში და რამდენიმე ქალაქში პოტენციური ადგილებიც მოინახულეს და განვითარების გეგმებზე იმსჯელეს.
მინისტრი, ასევე ადგილზე გაეცნო რეგიონში წყალმომარაგება-წყალარინების და გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. იგეგმება თელავის დავით რექტორის ქუჩაზე წყალმომარაგება-წყალარინების ქსელების და ახმეტაში წყალარინების კოლექტორის მოწყობის სამშენებლო სამუშაოები. მთლიანობაში, კახეთის რეგიონში
მიმდინარე 25 პროექტის შედეგად, 107 ათასი ბენეფიციარი ისარგებლებს 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით. აქტიურ ფაზაშია ქალაქ ახმეტიდან ბაწარას ნაკრძალამდე მისასვლელი საავტომობილო გზის 12.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. აღნიშნული გზის დუისი-ჯიბახევის 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია
2024 წელს დასრულდა.
ინფრასტრუქტურული პროექტები, კახეთის მოსახლეობისთვის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს გააჩენს, ხოლო რეგიონს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ტურისტებისთვის.