რომის პაპის ფრანცისკეს ცხედარი მისი კელიიდან ვატიკანში მდებარე წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გადაასვენეს. გადასვენების ცერემონიალი მკაცრად რეგლამენტირებული იყო. მასში კარდინალები, რიგითი მღვდლები, მონაზვნები და შვეიცარიელი გვარდიელები მონაწილეობდნენ. მგალობელთა გუნდი ფსალმუნებს მღეროდა და ლათინურ ენაზე ლოცვებს აღავლენდა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში, რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.
საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
ცნობისთვის, ვატიკანმა რომის პაპის ფრანცისკეს ანდერძი გამოაქვეყნა, რომელიც 2022 წლის 29 ივნისით არის დათარიღებული.
ანდერძის მიხედვით პაპი უნდა დაკრძალონ რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში და არა ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში.
"აკლდამა უნდა იყოს მიწაში, მარტივი, ყოველგვარი განსაკუთრებული მორთულობის გარეშე და მხოლოდ ერთი წარწერით: ფრანცისკე", - ნათქვამია ანდერძში.
აღსანიშნავია, რომ ფრანცისკე პირველი პაპი იქნება საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, რომელსაც ვატიკანის გარეთ დაკრძალავენ.
"ჩემი დაკრძალვის მომზადების ხარჯები დაიფარება ქველმოქმედის მიერ შემოწირული თანხიდან", - აღნიშნულია ანდერძში.
შეგახსენებთ, 2025 წლის 21 აპრილს ვატიკანმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა