საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთის დედაქალაქს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სასახლეში უმასპინძლებს. დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ვაჰაგნ ხაჩატურიანის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და ყოველთა სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორეს შეხვდება.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, დეპუტატები სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ლუკა ეხვაია შედიან.