„ჩემპიონთა ლიგაზე „რეალს“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ბევრი სასწაული მოუხდენია, მაგრამ „არსენალთან“ პირველი მატჩის შემდეგ მადრიდელების შანსი საკმაოდ მცირე იყო. პირველი ტაიმი, მინიმუმ, 1:0 მაინც ხომ უნდა დამთავრებულიყო? თანაც, ინგლისელები კარგად იყვნენ მომზადებულნი." - ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში, "საფეხბურთო ტაიმაუტი", შოთა არველაძემ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ნახევარფინალებთან დაკავშირებით განაცხადა.
"ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენს“ „არსენალი“ შეხვდება – ძალიან ძლიერი გუნდი. პირადად მე პსჟ-„ბარსელონის“ ფინალს ვისურვებდი. მაგრამ არც კატალონიელებს ექნებათ იოლი მატჩი „ინტერთან“, რომელსაც საკმაოდ კარგი შემადგენლობა ჰყავს. თან „ბარსა“ ბევრ გოლს უშვებს და, ჩემი აზრით, ფორმის პიკშიც არაა.
მგონია, რომ კვარას პსჟ-ში „ამოუცნობი“ ფეხბურთელის როლი აქვს, რომლის თამაშის წაკითხვაც ძნელია. მცველებისთვის მის წინააღმდეგ თამაში არასასიამოვნოა. კვარას ყველა გოლი მარცხენა ფეხით აქვს გატანილი, რასაც ყველაზე ნაკლებად ელოდნენ. თამაშის დროს ისეთ პასებს აკეთებს, გსიამოვნებს, მისი თამაში კი პსჟ-ს დიდ კოზირს აძლევს.
ვფიქრობ, ხვიჩა სეზონის 10 საუკეთესო ფეხბურთელში უნდა მოხვდეს. ბოლო სამი წელია, მაღალ დონეზე თამაშობს, ევროპის ჩემპიონატი კარგად ჩაატარა, წინ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატია. ტექნიკურია, სწრაფია, კიდევ უფრო რომ დაბრძენდება, ჩემი აზრით, მაგარი 10 ნომერი გახდება“, – ამბობს შოთა არველაძე.