წყალტუბოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალის ყვავილებით შემკობით დაიწყო.
შეკრებილ საზოგადოებას ქვეყნის უმთავრესი ეროვნული დღესასწაული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ მიულოცა.
„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია. საუკუნეების განმავლობაში სამშობლოს თავისუფლება იყო ის მთავარი იდეა, რაზეც ქართველი ერის ძლიერება იდგა.
დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოსთვის ბრძოლას არაერთი ღირსეული მამულიშვილი შეეწირა. სწორედ მათი დამსახურებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა. ქრისტიანობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია და წინაპართა გმირული სულისკვეთება გვავალებს, არასოდეს დავივიწყოთ წარსული და ერთად შევქმნათ ქვეყნის თავისუფალი მომავალი.
გისურვებთ თავისუფალ, ერთიან და მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას“,-განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე კობა გურეშიძე, მერის მოადგილე გია კვასტიანი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.